ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით

სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილებით, წინამდებარე ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას გადასცეს მყიდველს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ნივთი საკუთრებაში, მყიდველი ვალდებულია გადაიხადოს განსაზღვრული საფასური, ხოლო გამყიდველს ეძლევა უფლებამოსილება ისარგებლოს აღნიშნული ნივთით (რაც რეგულირდება ცალკე ხელშეკრულებით), მისი გამოსყიდვის უფლებით ამავე ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და პირობების შესაბამისად.

გამყიდველი ვალდებულია გაეცნოს წინამდებარე ხელშეკრულებას სრულად, შეავსოს და ელექტრონულად დაეთანხმოს განაცხადს, რითაც იმავდროულად ადასტურებს, რომ დეტალურად იცნობს წინამდებარე ხელშეკრულებას და სრულად ეთანხმება მას.

1.წინამდებარე ხელშეკრულებაში გამოყენებული ტერმინები და განმარტებები

გამყიდველი - ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს მყიდველის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, სრულად გაეცნო წინამდებარე ხელშეკრულებას, ეთანხმება მას და სურს ნივთის გაყიდვა ამავე ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და პირობებით.

მყიდველი - შპს „მისტერ ლოუნ.ჯი“, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი და არსებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, საიდენტიფიკაციო ნომერი 405166975, იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ნუცუბიძის მეორე მიკრო რაიონი, პირველი კვარტალი, კორპუსი 1ა, ბინა 24, ელ. ფოსტა: info@almal.ge;

მხარე - გამყიდველი ან მყიდველი.

მხარეები - გამყიდველი და მყიდველი ერთობლივად.

მესამე პირი - ნებისმიერი პირი გარდა მხარეებისა.

ხელშეკრულება - წინამდებარე ხელშეკრულება, რომელიც მყიდველსა და გამყიდველს შორის, მისი შინაარსის გაცნობის შემდგომ, დადებულია ელექტრონული ან სტანდარტული წერილობითი/ზეპირი ფორმით და მოიცავს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ, ასევე მყიდველის ვებ-გვერდზე განთავსებულ სახელშეკრულებო პირობებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ხელშეკრულების დადებაზე ელექტრონულად ნების გამოვლენა ავტომატურად უთანაბრდება გამყიდველის ხელმოწერას და იგი იბოჭება მის მიერ ამ ფორმით გამოვლენილი ნებით;

ოფერტი - გამყიდველის მიერ ნივთის გაყიდვის განაცხადის შევსება, რითაც დასტურდება გამყიდველის მიერ აღნიშნული პირობების გაცნობისა და მყიდველის მიერ შეთავაზებულ პირობებზე დათანხმების ფაქტი.  აღნიშნულით ასევე დასტურდება გამყიდველის თანხმობა, რომ მყიდველმა გამყიდველის მიერ მიწოდებული ნივთის გაყიდვის განაცხადში მითითებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია გამოიყენოს  თავისი უფლებ(ებ)ის დაცვის მიზნის განსახორციელებლად საჭირო მოცულობით, იმ ფარგლებში, რაშიც აღნიშნული აუცილებელია მყიდველის სამეწარმეო ინტერესების დასაცავად, ამასთან, ნებისმიერ დროს მოიძიოს/გადაამოწმოს იგი.

ნივთის გაყიდვის განაცხადი - მყიდველის მიერ საკუთარ ვებ-გვერდზე განთავსებული ელექტრონული ფორმა ნივთის შეთავაზების შესახებ, რომელიც, სხვა მონაცემებთან ერთად, შეიცავს ინფორმაციას ნივთის მახასიათებლების და ფასის შესახებ და რომლის ელექტრონულად შევსება და დადასტურება წარმოადგენს გამყიდველის მიერ მყიდველისათვის გაკეთებულ ოფერტს წინამდებარე  ხელშეკრულების დადებაზე;

ხელშეკრულების დადების შეთავაზება (მოწვევა ოფერტზე) - მყიდველის მიერ ნივთ(ებ)ის ნასყიდობის გამოსყიდვის უფლებით  პირობების საკუთარ ვებ-გვერდზე განთავსება, რომელიც არ წარმოშობს გამყიდველის ვალდებულებას ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით;

აქცეპტი - მყიდველის მიერ ნივთის შეძენის შესახებ საპასუხო ნების გამოვლენა, რაც დასტურდება გამყიდველის მიერ მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე მიღებული კოდის მეშვეობით ხელშეკრულების ხელის მოწერით და გამყიდველის საბანკო ანგარიშზე ნასყიდობის თანხის გადარიცხვით. ხელშეკრულება დადებულად ითვლება მყიდველის მიერ ნივთის ნასყიდობის შესახებ საპასუხო ნების გამოვლენის მომენტიდან;

ნივთი - ნივთის გაყიდვის განაცხადში მითითებული ნივთი თავისი მახასიათებლებით.

ნასყიდობის ფასი - ხელშეკრულებით განსაზღვრული ნივთის ღირებულება.

გამოსყიდვის ფასი - ხელშეკრულებით განსაზღვრული ნივთის გამოსყიდვის ღირებულება.

გამოსყიდვის ვადა - ხელშეკრულებით განსაზღვრული ნივთის გამოსყიდვის ვადა.

ხელშეკრულების ვადა - წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების ვადა.

პირგასამტეხლო - ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, რომელიც გამოიყენება გამყიდველის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების უზრუნველსაყოფად და გადაიხდება გამყიდველის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებ(ებ)ის არაჯეროვნად შესრულების/შეუსრულებლობის შემთხვევაში, მხარეთა შეთანხმებული ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

ჯარიმა -  ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, რომელიც გამოიყენება გამყიდველის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების უზრუნველსაყოფად და გადაიხდება გამყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თითოეულ შემთხვევაზე ერთჯერადად.

მყიდველის საბანკო ანგარიში - მყიდველის ანგარიშსწორების ანგარიში, რომელიც გახსნილია საქართველოს ნებისმიერ კომერციულ ბანკში და რომლის საბანკო რეკვიზიტები მითითებულია მყიდველის ვებ-გვერდზე.

გამყიდველის საბანკო ანგარიში - გამყიდველის ანგარიშსწორების ანგარიში, რომელიც გახსნილია საქართველოს რომელიმე კომერციულ ბანკში და რომელიც მითითებულ იქნება გამყიდველის მიერ ან რომლიდანაც ხორციელდება საცდელი გადახდა და რომელზეც გადაირიცხება ნასყიდობის ფასი.

მყიდველის ვებ-გვერდი - ვებ-გვერდი www.almal.ge, რომლის საშუალებითაც გამყიდველს აქვს შესაძლებლობა, შეავსოს ნივთის გაყიდვის განაცხადი, გაეცნოს ხელშეკრულების პირობებს და განახორციელოს სხვა ნებადართული მოქმედება;

პერსონალური კოდი - მყიდველის მიერ გამყიდველისათვის მინიჭებული უნიკალური კოდი, რომელიც გამოიყენება გამყიდველის იდენტიფიცირებისათვის;

კანონმდებლობა - საქართველოს მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, საქართველოს მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები.

2. გამყიდველის განცხადებები და გარანტიები

გამყიდველი ადასტურებს, რომ:

ა) გააჩნია სრული (შეუზღუდავი) ქმედუნარიანობა.

ბ) არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ.

გ) არ იმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარისა ან ნებისმიერი სხვა მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ და არ წარმოადგენს ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა აკრძალული მოქმედების ობიექტს მყიდველის ან ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან;

დ) არ მოქმედებს მესამე პირის სახელითა და დავალებით;

ე) სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;

ვ) აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე, ითვლება საქართველოს რეზიდენტად საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად და არის საქართველის მოქალაქე ფიზიკური პირი 20-დან 65 წლამდე;

ზ) გაეცნო ამ პირობებს და ეს პირობები არის მისთვის მისაღები;

თ) მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი;

ი) აქვს  უნარი, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

კ) ნივთის გაყიდვის განაცხადის შევსებისას გაეცნობა  ხელშეკრულების პირობებს და მხოლოდ იმ შემთხვევაში დაადასტურებს აღნიშნულ განაცხადს, თუ ხელშეკრულებაში მითითებული პირობები არის მისთვის ზუსტი, სრულად აღქმადი და მისაღები.

ლ) გამყიდველი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს მყიდველს ყველა იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის აღნიშნულ განცხადებებთან ან/და გამოიწვიოს აღნიშნული გარანტიების დარღვევა.

მ) ნივთის მყიდველისათვის გადაცემამდე უზრუნველყოფს მის მოვლა-პატრონობას, იმგვარად რომ არ შემცირდეს მისი ღირებულება.

ნ) იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების შედეგად  აღმოჩნდა რომ ნივთი ნაკლის მქონეა, მყიდველს მოთხოვნისთანავე აუნაზღაურებს სრულად ზიანს.

ო) განაცხადში მითითებული ნივთი წარმოადგენს მის საკუთრებას და მას აქვს მყიდველისთვის მისი მიყიდვის უფლება წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად.

3. ნივთის ნასყიდობის პროცედურა

3.1. გამყიდველი მყიდველის ვებ-გვერდზე ელექტროულად ავსებს ნივთის გაყიდვის განაცხადს, რომელშიც გამყიდველი უთითებს ნივთის დასახელებას, მდგომარეობას, ღირებულებას და გამოსყიდვის ნებას. 

მობილურ ტელეფონზე მიღებული ხელშეკრულების ხელის მოსაწერი კოდის მითითებით, ისევე, როგორც ნივთის გაყიდვის განაცხადის შევსებით და ველის "ვადასტურებ, რომ გავეცანი ნასყიდობის ხელშეკრულების პირობებს და ვეთანხმები მათ" მონიშვნით, გამყიდველი ადასტურებს, რომ გაეცნო წინამდებარე ხელშეკრულებასა და მყიდველის ვებ-გვერდზე განთავსებულ სახელშეკრულებო პირობებს, სრულად აცნობიერებს მათ შინაარსა და სამართლებრივ შედეგებს, მოცემული პირობები მისთვის სრულიად მისაღებია, ეთანხმება მათ და აკეთებს ოფერტს ამ პირობებით ხელშეკრულების დადების შესახებ.

3.2. გამყიდველის მიერ შევსებული ნივთის გაყიდვის განაცხადის მიღების შემდეგ მყიდველი იღებს გადაწყვეტილებას ნივთის ნასყიდობის თაობაზე. მყიდველი უფლებამოსილია, უარი თქვას ნივთის ნასყიდობაზე და აცნობოს ამის შესახებ გამყიდველს. მყიდველი არ არის ვალდებული, დაასაბუთოს ნივთის ნასყიდობაზე უარის მიზეზ(ებ)ი. თუ მყიდველი არ ეთანხმება ნასყიდობის ფასს, იგი სთავაზობს გამყიდველს მყიდველისთვის სასურველ ნასყიდობის ფასს. თუ აღნიშნული საფასური გამყიდველისთვის მისაღებია, იგი პირად კაბინეტში ეთანხმება მას.

3.3. გამყიდველი ვალდებულია გაიაროს იდენტიფიკაცია, რაც გულისხმობს გამყიდველის და მისი საბანკო ანგარიშის გადამოწმების მიზნით გამყიდველის მიერ მყიდველის ანგარიშზე სიმბოლური თანხის - 1 თეთრის გადარიცხვას ან მყიდველის მიერ ინფორმაციის სხვა საშუალებით გადამოწმებას.

3.4. თუ მყიდველი უარს განაცხადებს ნივთის ნასყიდობაზე, მაშინ ითვლება, რომ მხარეებს შორის  ხელშეკრულება არ დადებულა.

3.5. მყიდველი, ნივთის ნასყიდობის შესახებ  გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამყიდველს, მის მიერ მითითებული მობილურ ტელეფონზე უგზავნის შეტყობინებას და ახდენს ნასყიდობის თანხის გამყიდველის ანგარიშზე გადარიცხვას. ხელშეკრულება შედის ძალაში ნივთის ნასყიდობის შესახებ მყიდველის მიერ ნების გამოვლენის მომენტიდან.

3.6. წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში ამასთან, გამყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე აკრძალულია ნივთის გასხვისება ან/და მისი მესამე პირებთან სხვაგვარი უფლებრივი დატვირთვა.

3.7. ნივთის შეძენისა და ამასთან, სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების (რომელიც რეგულირდება ცალკე ხელშეკრულებით) ხელმოწერისთანავე მყიდველი გამყიდველს სარგებლობაში გადასცემს ნივთს.

3.8. ნივთის (ქარხნულ ყუთთან ერთად) მყიდველისათვის გადაცემისთანავე -  მასზე გადადის მისი დაზიანების და განადგურების რისკი.

3.9. მხარეთა შორის შეთანხმებული გამოსყიდვის ვადის გასვლის დღეს გამყიდველი ვალდებულია გადაუხადოს მყიდველს გამოსყიდვის ფასი მყიდველის მიერ ნივთის შეძენისას განსაზღვრული ოდენობით ან დაუბრუნოს მყიდველს ნივთი დაუზიანებელ მდგომარეობაში ქარხნულ ყუთთან ერთად. გამოსყიდვის ვადის გასვლის დღეს ნივთის გამოსყიდვის ფასის გადახდისას ნივთი გადადის გამყიდველის საკუთრებაში. 

3.10. მყიდველის მიერ დადგენილი ნივთის ნასყიდობის და  მისი გამოსყიდვის პირობები განთავსებულია მყიდველის ვებ-გვერდზე, რაც წარმოადგენს მოწვევას ოფერტზე და არ წარმოშობს მყიდველის მიერ ხელშეკრულების დადების ვალდებულებას.

4. ანგარიშსწორების პირობები

4.1. ნასყიდობის თანხის გადახდა ხორციელდება გამყიდველის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით შესაბამისი დანიშნულების მითითებით. მყიდველის ვალდებულებები შესრულებულად ითვლება გამყიდველის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის მომენტიდან.

4.2. გამოსყიდვის ფასის გადახდა ხორციელდება მყიდველის საბანკო ანგარიშზე ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის ჩარიცხვის გზით. გამყიდველის ვალდებულებები შესრულებულად ითვლება მყიდველის საბანკო ანგარიშზე ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის (მათ შორის გამოსყიდვის ფასი, ჯარიმა, პირგასამტეხლო) სრულად ჩარიცხვის მომენტიდან.

4.3. ანგარიშსწორება ხორციელდება ლარში. სხვა ვალუტაში თანხის ჩარიცხვის შემთხვევაში გამყიდველის ვალდებულება მყიდველის წინაშე შესრულებულად არ ჩაითვლება, ხოლო განსხვავებულ ვალუტაში ჩარიცხული თანხა უკან დაუბრუნდება გამყიდველს, გადარიცხვასთან/უკან დაბრუნებასთან დაკავშირებული საბანკო ხარჯების გამოკლებით. ამასთან, დაუშვებელია მყიდველისათვის აღნიშნულ თანხაზე მისივე მფლობელობაში ყოფნის გამო რაიმე სახის სარგებლის მოთხოვნა.

4.4. გამყიდველის იდენტიფიცირების მიზნით, იგი ვალდებულია, უზრუნველყოს თანხის შეტანისას დანიშნულებაში მისი სახელის, გვარისა და გამყიდველის მიერ მისთვის მინიჭებული პერსონალური კოდის მითითება.

4.5. თუ მყიდველი მიიღებს გადახდას, რომლის ამოცნობა შეუძლებელია, ამოცნობის მომენტამდე გამყიდველის ვალდებულება მყიდველის წინაშე შესრულებულად არ ჩაითვლება და მყიდველი უფლებამოსილია გამყიდველს დააკისროს ჯარიმა ან/და პირგასამტეხლო ამ ხელშეკრულების შესაბამისად.

4.6. გამყიდველის მიერ გადახდილი თანხებით პირველ რიგში იფარება ჯარიმა, პირგასამტეხლო, შემდეგ გამოსყიდვის ფასი. თუ გადახდილი თანხები საკმარისი არ არის, შეუსრულებელ ნაწილში გრძელდება პირგასამტეხლოს დაკისრება. გამყიდველი აცხადებს თანხმობას ვალდებულების შესრულების ზემოაღნიშნულ რიგითობაზე.

4.7. ვალდებულებების სრულად შესრულება  გულისხმობს მხარეთა მიერ ანგარიშსწორებისა და სხვა ვალდებულებების ხელშეკრულების მიხედვით ჯეროვნად განხორციელებას. ვალდებულების ნაწილობრივი შესრულება/შეუსრულებლობა არ ითვლება ვალდებულების შესრულებად და შეუსრულებელ ნაწილში გრძელდება პირგასამტეხლოს დარიცხვა, მიუხედავად ხელშეკრულების მოქმედების ვადისა.

4.8. გამყიდველი უფლებამოსილია, ნივთი გამოისყიდოს გამოსყიდვის ვადის დადგომამდე. ამ შემთხვევაში გამყიდველი იხდის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სრულ ფასს.

5. პასუხისმგებლობა. 

5.1. მხარეები იღებენ ვალდებულებას, აუნაზღაურონ ერთმანეთს მათ მიერ ხელშეკრულების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად  შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი კანონმდებლობით ან/და ხელშეკრულებით დადგენილი წესით.

5.2. გამყიდველი ვალდებულია, შეასრულოს  ხელშეკრულებაში მოცემული ყველა პირობა და სრულად აცნობიერებს მათი დარღვევით გამოწვეულ პასუხისმგებლობას. იგი პასუხს აგებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობით ან არაჯეროვნად შესრულებით მყიდველისათვის მიყენებულ ნებისმიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ ზიანზე. ზიანის ანაზღაურება გამყიდველს არ ათავისუფლებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან.

5.3. გამყიდველის პასუხს აგებს მყიდველის წინაშე  ხელშეკრულებაში მოცემული ინფორმაციის სიზუსტეზე და სისრულეზე, ვებ-გვერდზე დარეგისტრირებისას და ნივთის გაყიდვის განაცხადის შევსებისას მითითებული ინფორმაციის სიზუსტეზე, ასევე ყველა იმ ინფორმაციის სიზუსტეზე, რომელიც მან მყიდველს მიაწოდა ხელშეკრულების დადებისას, დადებამდე ან დადების შემდეგ.

5.4. თანხის გადახდის ნებისმიერი ვადის გადაცილების/დარღვევის შემთხვევაში, მყიდველი უფლებამოსილია გამყიდველს დაარიცხოს ჯარიმა - ნასყიდობის ფასის ხუთი პროცენტი და პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ნასყიდობის ფასის 1.5 პროცენტი, რომლის ათვლაც დაიწყება დარღვევის დღიდან და გაგრძელდება ვალდებულებების სრულად შესრულებამდე.

5.5. მხარეები თანხმდებიან, რომ გამყიდველის პასუხისმგებლობა არ არის შეზღუდული ნივთის ღირებულებით და მის ვალდებულებაზე გავლენას არ ახდენს ნივთის ფასის შემცირება, მისი დაკარგვა ან რაიმე დაზიანება ან რაიმე სხვა მიზეზი, რის გამოც გამყიდველი არ იყენებს ნივთს. გამყიდველი ვალდებულია სრულად შეასრულოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები.

6. ფორს-მაჟორი

6.1. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის, თუ ამის მიზეზი გახდა ფორს-მაჟორი (გადაულახავი ძალა), რომლის წარმოშობა ხელშეკრულების დადების მომენტში მხარეებს არ შეეძლოთ წინასწარ განესაზღვრათ და თავიდან აეცილებინათ.

6.2. ფორს-მაჟორში მოიაზრება მიწისძვრა, წყალდიდობა, ხანძარი, ხელისუფლების კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილებანი, რომლებიც ცვლიან, აჩერებენ ან წყვეტენ წინამდებარე ხელშეკრულების დებულებებს, ნებისმიერი საომარი მოქმედებანი, აგრეთვე სხვა გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ან იწვევს არათანაზომიერად დიდ ხარჯებს მათ შესასრულებლად. ფორს-მაჟორული მოვლენის არსებობა დადასტურებული უნდა იყოს სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ.

6.3. თუ ერთ-ერთი მხარე ფორს-მაჟორის გამო ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, იგი ვალდებულია გონივრულ ვადაში აცნობოს მეორე მხარეს მათი დადგომის ან/და დასრულების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი მხარე არ გათავისუფლდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან. ფორს-მაჟორი არ ათავისუფლებს მხარეებს მისი დასრულების შემდეგ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებისგან.

6.4. შეუსრულებელ ვალდებულებაზე გამყიდველი პასუხის აგებს მთელი თავისი ქონებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

7. პერსონალურ მონაცემთა დამუშავება

7.1. გამყიდველი თანახმაა, რომ მყიდველმა დაამუშავოს მისი პერსონალური მონაცემები კერძოდ: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ტიპი, დაბადების თარიღი, სქესი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა, მისამართი, საქმიანობის სფერო, ინტერნეტ ოქმის მისამართი (IP მისამართი) და სხვა მონაცემები. პერსონალურ მონაცემთა დამუშავება გულისხმობს ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედებას, კერძოდ, შეგროვება, ჩაწერა, ფოტოზე აღბეჭდვა, აუდიოჩაწერა, ვიდეოჩაწერა, ორგანიზება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება ან გამჟღავნება მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფება ან კომბინაცია, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება. პერსონალურ მონაცემთა დამუშავება ხორციელდება გამყიდველის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების რეალიზაციისა და არსებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, მათ შორის, გამყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისას მისი მოძიებისა და ვალდებულებების გადახდევინების მიზნით (მათ შორის სასამართლოსთვის მიმართვის გზით).

7.2. ამ ხელშეკრულებით გამყიდველი მყიდველს ანიჭებს უპირობო და უვადო უფლებას გამყიდველის პერსონალური მონაცემები მისი დამატებითი შეთანხმების გარეშე გადასცეს მესამე პირებს, მათ შორის: გამყიდველის მიერ მითითებულ საკონტაქტო პირ(ებ)ს, პრობლემური ვალდებულებების შესრულებაზე მომუშავე კომპანიებს, ვალდებულებათა პორტფელის შემძენ კომპანიებს, თანხის გადარიცხვის სერვისის მომწოდებელ კომპანიებს და სხვა პირებს. მესამე პირებისთვის პერსონალური მონაცემების გადაცემა შესაძლებელია წინამდებარე ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების რეალიზაციისა და არსებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, მათ შორის, გამყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისას მისი მოძიებისა და ვალდებულებების გადახდევინების მიზნით (მათ შორის სასამართლოსთვის მიმართვის გზით).

7.3. გადასაცემი ინფორმაცია, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს: გამყიდველი მიერ მითითებულ საკონტაქტო პირ(ებ)ს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), გამყიდველის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, ვალდებულების მოცულობას, გადაცემის მიზნობრიობას, დარიცხულ ჯარიმას/პირგასამტეხლოს და ა.შ., ხოლო დავის არსებობის შემთხვევაში - საარბიტრაჟო, სასამართლო სამართალწარმოების და სააღსრულებო წარმოების შედეგებს.

7.4. გამყიდველი თანახმაა, ნებისმიერ დროს, შემდგომი შეტყობინების გარეშე, ნებისმიერი მარკეტინგული ან/და სხვა მიზნებისთვის (რაც შეზღუდვის გარეშე მოიცავს ნებისმიერ სახის სარეკლამო კამპანიას ან/და პრომო აქციას) მყიდველისაგან ან/და სხვა პირებისგან მიიღოს ცნობა, წერილი, მოკლე ტექსტური ან ნებისმიერი სხვა შეტყობინება, ელექტრონული ფოსტა ან/და სხვა ნებისმიერი ფორმით მიწოდებული ნებისმიერი ინფორმაცია, გამყიდველის მიერ განაცხადში მითითებულ რეკვიზიტებზე. ამასთან, ზემოთაღნიშნული რეკვიზიტების ცვლილების შემთხვევაში, შეცვლილ რეკვიზიტებთან მიმართებაში მყიდველი უფლებამოსილი იქნება გამოიყენოს წინამდებარე პუნქტით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება გამყიდველის შემდგომი თანხმობის გარეშე.

7.5. გამყიდველი აცხადებს თანხმობას, რომ მყიდველმა მის მიერ მიწოდებული ნივთის გაყიდვის განაცხადის დამუშავების (კერძოდ, პირადი მონაცემების გადამოწმება, ხელშეკრულებისათვის აუცილებელი მხარეთა ზუსტი რეკვიზიტების - სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი და ა.შ.),  ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებების რეალიზაციისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით და ამ მიზნის განსახორციელებლად საჭირო მოცულობით, გამოითხოვოს და მიიღოს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მონაცემთა ელექტრონული ბაზაში დაცული, მისთვის აუცილებელი, გამყიდველის პერსონალური მონაცემები.

7.6. გამყიდველი ადასტურებს და კისრულობს პასუხისმგებლობას, რომ მის მიერ მითითებული საკონტაქტო პირების შესახებ მოწოდებული პერსონალური მონაცემების მყიდველის მიერ დამუშავების მიზნით მიღებული აქვს ნებართვა მონაცემთა სუბიექტებისაგან.

7.7. გამყიდველის (მათ შორის, მონაცემთა სუბიექტი) მოთხოვნის შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული, ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ.

8. ხელშეკრულების შეწყვეტა მყიდველის ინიციატივით

8.1. მყიდველს შეუძლია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება შემდეგ შემთხვევებში:

ა)  გამყიდველი არ შეასრულებს ვალდებულებებს;

ბ) მყიდველისათვის ცნობილი ხდება, რომ ხელშეკრულების დადებისას გამყიდველმა მას მიაწოდა არასწორი ინფორმაცია;

8.2. მყიდველის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, გამყიდველი ვალდებულია, პირველი მოთხოვნისთანავე შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და გადაიხადოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა გადასახდელი თანხა, დარიცხული ჯარიმისა და პირგასამტეხლოს ჩათვლით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

9. შეტყობინება

9.1. წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეტყობინება გამყიდველს შესაძლოა გაეგზავნოს: მის მიერ მითითებულ მისამართზე, ელექტრონული ფოსტის მისამართზე, მობილურ ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) სახით ან კომუნიკაციის სხვა ნებისმიერი საშუალებით.

9.2. გამყიდველის მიერ მითითებულ მისამართზე შეტყობინების ჩაბარება შესაძლებელია ყოველდღე, 09:00 საათიდან 20:00 საათამდე. შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც ამ დროს შესაბამის მისამართზე არ იმყოფება არცერთი პირი ან პირი უარს აცხადებს შეტყობინების ჩაბარებაზე.

9.3. შეტყობინების ჩაბარების მიზნებისათვის უფლებამოსილ პირად ითვლება ნებისმიერი პირი, რომელიც იმყოფება გამყიდველის მიერ მითითებულ მისამართზე, მიუხედავად იმისა, წარმოადგენს ის თუ არა უშუალოდ გამყიდველს ან მისი ოჯახის წევრს. ამ პირისთვის შეტყობინების გადაცემა ითვლება გამყიდველისათვის შეტყობინების ჩაბარებად.

9.4. გამყიდველი, ყოველდღე, 09:00 საათიდან 24:00 საათამდე, უზრუნველყოფს ელექტრონული ფოსტითა და მობილური ტელეფონის საშუალებით შეტყობინების მიღების შესაძლებლობას. შესაბამისად, ამ დროის განმავლობაში გაგზავნილი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება გაგზავნის მომენტიდან.

9.5. 9.1 პუნქტით გათვალისწინებულ საშუალებებს შორის არჩევის უფლება აქვს მყიდველს. იგი უფლებამოსილია, შეტყობინების გაგზავნისათვის გამოიყენოს ერთ-ერთი, რამდენიმე ან ყველა საშუალება. ამასთან, ერთ-ერთი საშუალების გამოყენებით შეტყობინების ჩაბარება საკმარისია შესაბამისი სამართლებრივი შედეგის დადგომისათვის და გამყიდველი არ არის უფლებამოსილი, დაეყრდნოს იმ ფაქტს, რომ მყიდველმა ჩაბარების მცდელობა არ განახორციელა რამდენჯერმე ან რამდენიმე თუ ყველა საშუალებით.

9.6. გამყიდველი ადასტურებს, რომ თანახმაა მყიდველთან ელექტრონული ფორმით ხელშეკრულების დადების შემდგომ მიიღოს ანგარიშსწორება და მიმოწერა ელექტრონულად, დოკუმენტაციაზე პირდაპირი მექანიკური გზით ხელმოწერის გარეშე. გამყიდველი ინფორმირებულია, რომ მყიდველის მიერ წარდგენილი ანგარიში ატარებს საინფორმაციო ხასიათს და მისი მიუღებლობა არ ათავისუფლებს მას არსებული ვალდებულების გადახდისაგან.

9.7. თუ იცვლება გამყიდველის მიერ მითითებული ანგარიში ან ხელშეკრულებაში მითითებული ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის საკონტაქტო მონაცემები, გამყიდველი ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ მყიდველს და მიაწოდოს ყველა შეცვლილი ინფორმაცია. საკონტაქტო მონაცემების ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გამყიდველის საკონტაქტო მონაცემებზე გაგზავნილი შეტყობინება ჩაითვლება გამყიდველის მიერ მიღებულად.

9.8. თუ მყიდველმა გამყიდველს მის მიერ მითითებულ ნებისმიერ მისამართზე ნებისმიერი კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით გაუგზავნა წერილობითი შეტყობინებები ვადაგადაცილების შესახებ ან ხელშეკრულებიდან გამომდინარე სხვა შეკვეთილი წერილები, მას აქვს უფლება მოითხოვოს გამყიდველისაგან გაწეული ხარჯების ანაზღაურება. მხარეები თანხმდებიან, რომ თითოეული გაფრთხილების წერილის გაგზავნის ხარჯი ნებისმიერი კომუნიკაციის საშუალებით წარმოადგენს ფიქსირებულ 20 (ოც) ლარს, რომელსაც გამყიდველი უხდის მყიდველს.

10. უფლებამონაცვლეობა

10.1. მყიდველი უფლებამოსილია, გამყიდველის თანხმობის გარეშე, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები და ვალდებულებები (მოთხოვნები) ნებისმიერ დროს მთლიანად ან ნაწილობრივ დაუთმოს, გაყიდოს, გადასცეს მესამე პირს გამყიდველისათვის წინასწარი შეტყობინების გარეშე.

10.2. გამყიდველი, მყიდველის წერილობითი თანხმობის გარეშე, არ არის უფლებამოსილი ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები და მოთხოვნები გადასცეს ან ვალდებულებები გადააკისროს სხვა პირს.

10.3. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა უფლება-მოვალეობა ვრცელდება ორივე მხარის უფლებამონაცვლეებზე.

11. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტა

11.1. წინამდებარე ხელშეკრულება რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

11.2. წინამდებარე ხელშეკრულებასთან ან მის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა ან უთანხმოება გადაწყდება ურთიერთშეთანხმებით მხარეთა შორის მოლაპარაკების გზით.

11.3. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავას განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის საფუძველზე.

12. ხელშეკრულებაში ცვლილება, დასკვნითი დებულებები

12.1. წინამდებარე ხელშეკრულებაში გამყიდველის მიერ ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა წერილობითი შეთანხმებით.

12.2. ნებისმიერი 12.1. პუნქტის შესაბამისად დადებული შეთანხმება/ცვლილება წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

12.3. თუ წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე პუნქტი ან მისი ნაწილი რაიმე მიზეზით იქნა გაუქმებული, ბათილად ცნობილი ან შეწყვეტილი, აღნიშნული პუნქტი ან მისი ნაწილი აღარ იქნება გამოყენებული, რაც არ იქონიებს გავლენას პირობების დანარჩენი პუნქტების სამართლებრივ ძალაზე.

12.4. წინამდებარე ხელშეკრულებაში აღნიშნული სათაურები გამოიყენება მხოლოდ მოხერხებულობისთვის და არ აქვს ზეგავლენა ხელშეკრულების განმარტებასა და ინტერპრეტაციაზე.

12.5. გამყიდველი ვალდებულია მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს მას ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია და ასევე წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც მოთხოვნილი იქნება მყიდველის მიერ ან განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით.

12.6. ნებისმიერი და ყოველი უფლება, რომელიც მიენიჭება მყიდველს გამყიდველის მიერ ხელშეკრულების დარღვევის შედეგად კრებითია და დაემატება ამ ხელშეკრულებით ან კანონით მინიჭებულ ყველა სხვა უფლებას.

12.7. მხარეთა შეთანხმებით წინამდებარე ხელშეკრულების შესრულების ადგილად მიჩნეულია მყიდველის იურიდიული მისამართი.

12.8. იმ შემთხვევებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით, მხარეები იხელმძღვანელებენ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით ან/და დამატებით შეთახმებული პირობებით.

12.9. მყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეცვალოს ხელშეკრულების პირობები. ხელშეკრულების პირობების ცალმხრივად შეცვლის შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია გამყიდველს აცნობოს ცვლილების შესახებ ელექტრონული ფოსტით ან მოკლე ტექსტური შეტყობინებით ცვლილების განხორციელებამდე 1 კვირით ადრე. მყიდველს არ ეკისრება წინასწარი შეტყობინების ვალდებულება, როდესაც ხელშეკრულების პირობები იცვლება გამყიდველის სასარგებლოდ.